ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

პარსიფალი ოფიციალურად 2019 წლის 10 ოქტომბერს დაარსდა, თუმცა ახლა მინდა მოგიყვეთ ის წინარე პირობები, რომლებმაც პარსიფალი პარსიფალად აქციეს.

გრძელი ამბავია, თუმცა ვეცდები შევამოკლო.

ჰო, ეს ამბავი 2014 წელს დაიწყო იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ანთროპოსოფიულ საზოგადოებაში მცირე სამკითხველო ჯგუფში ერთიანდებოდნენ. იკრიბებოდნენ კვირაში ერთხელ, რამდენიმე საათით. არჩევდნენ ფილოსოფიას, ანთროპოსოფიას, მხატვრობას. აკეთებდნენ გოეთეანისტურ დაკვირვებებს, ევრითმიას და ა.შ. ასე გრძელდებოდა 2016 წლამდე. შემდეგ ისინი შვეიცარიაში გაემგზავრნენ, გოეთეს “ფაუსტის” სანახავად. ჩამოსულებმა კი თავად დაიწყეს “ფაუსტის” დადგმა. 2017 წლის გაზაფხულზე უკვე პრემიერაც შედგა. ეს სპექტაკლი მნიშვნელოვნად დაეხმარა ამ ჯგუფს შესულიყვნენ ერთობლივად შემოქმედებით პროცესში. 2018 წელს ბოლოჯერ, მეთორმეტეჯერ რომ ითამაშეს გოეთეანუმის სცენაზე (დორნახი, შვეიცარია) სწორედ მაშინ გაჩნდა მათში იდეა, ჩაეტარებინათ ახალგაზრდული ანთროპოსოფიული კონფერენცია საქართველოში. აქტიური თანამშრომლობა დაიწყეს ამ დღიდან გოეთეანუმის ახალგაზრდულ სექციასთან და კონფერენციის ორგანიზება სწორედ მათთან კოლაბორაციაში მიმდინარეობდა.

2 წლის განმავლობაში უდიდესი შრომა ჩაიდო ამ იდეისთვის, რაც უფრო მეტად ამყარებდა და აფორმირებდა ჯგუფს. სწორედ ამ დროს, 2019 წელს გაჩნდა სახელი “პარსიფალი” და დაფუძნდა ორგანიზაცია როგორც ა(ა)იპ.

რატომ სახელი პარსიფალი? პარსიფალი ვოლფრამ ფონ ეშენბახის ეპოსის გმირია. ახალგაზრდა სულელი რაინდი, რომელიც მიიწევს იდეალისკენ და გზაზე სხვადასხვა სირთულეების გადალახვით ხდება გრაალის მეფე. სწორედ ეს იყო ჯგუფის განცდაც, ისინი გრძნობდნენ მათ “სისულელეს”, მათი ახალგაზრდულობას, (რადგან 22-23 წლის ასაკში იყვნენ დამფუძნებლები) თუმცა ეს არ უშლიდა ხელს იდეალისკენ გზის გაგრძელებაში.

დიახ, გავაგრძელოთ ამბავი. კონფერენცია 2020 წელს იყო დაგეგმილი და სწორედ ამ დროს covid-19 შემოდის სცენაზე. ყველაფერი რაც დაორგანიზდა ვეღარ მოხერხდებოდა. ეს ჯგუფისთვის კრიტიკული იყო და თანაც ძალიანაც გარდამტეხი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ისინი დისტანციურად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეძებდნენ საქმეს, რომელშიც გადაეშვებოდნენ პრაქტიკულად. პროექტი, რომელსაც სჭირდება ნება და პრაქტიკა (კითხვით და თეორიით ცოტა გადაღლილები იყვნენ). და აი ამ დროს, თეთრიწყაროს სოფელში სტუმრობისას ჩნდება იდეა. ხედავენ საჭიროებას, რომ ამ რეგიონში განათლება ცუდ დღეშია და ამბობენ “მოდი ავაშენოთ ამ რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის საშაბათკვირაო სკოლა”. სკოლა, რომელშიც ბავშვებისთვის სწავლა სიხარულის მომტანი იქნება. ფანტაზია, შემოქმედება, საკუთარი თავის გაცნობა. ეს იყო იდეალები, რომლის გარშემოც პროექტი აიგო.

გარდა სკოლის პროექტისა, პარსიფალისთვის იდეალი გახდა “სუფთა ფურცლიდან” ისეთი სოციალური ერთობლივი ცხოვრების ფორმის შექმნა, ამა სოფლის კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელშიც შეძლებდნენ ალტერნატიული გზებით თანაცხოვრების ახალი ფორმის შექმნას. რას გულისხმობს ეს? კითხვები დაისვა, როგორ შეიძლება მიწის, უძრავი ქონების, სწორი ფორმით გამოყენება? როგორ ვინაწილებთ თანხებს? როგორ ვქმნით ორგანიზაციას, რომელშიც ადამიანი არის ამოსავალი წერტილი და უმთავრესი პრიორიტეტი.

გავაგრძელოთ სკოლის ამბავი. დიახ, პროექტი დაწერეს, დაიწყეს ფულის მოძიებაზე ზრუნვა. გავიდა რამდენიმე თვე. ძლიერი ძალისხმების მიუხედავად, თანხას ფონდების ვერ იღებენ. (ალბათ იმიტომ რომ “სულელები” არიან?) აქ კი ისინი გაბრაზდნენ. გაბრაზდნენ და თქვეს. ჩვენ ახლა გვიჭირავს 3000 ევრო ხელში, რითაც მინიმუმ სკოლის საძირკველის გაკეთებას შევძლებთ და აი ასე დაიწყეს. სულ რომ არაფერი, გვექნება ჩვენი საკუთარი ფიზიკური სხეული, მინიმუმ საძირკველი.

დაიწყეს შენება. საკუთარი ხელებით. (ვიდეოს ლინკი) და როდესაც ეს ნაბიჯი გადაიდგა, ფონდების და ადამიანების მხრიდანაც უფრო მეტი ნება წამოვიდა. შეაგროვეს საკმარისი თანხა მშენებლობის პროცესში. საძირკველის კეთებისას, კედლებისთვის საკმარისი თანხა მიიღეს, ხოლო კედლებს რომ მიადგნენ სახურავის თანხაც დაუფინანსეს. ჰოდა ასე, 2021 წელს დაწყებული საქმე, 2022 წლის ზაფხულში დაასრულეს, ხოლო საშაბათკვირაო სკოლა მუშაობას 2022 შემოდგომიდან შეუდგა.

ბევრი და ლამაზი ამბავია, რომელიც სკოლაში მოხდა, რასაც ჩვენს ბლოგის გვერდზე იხილავთ.

სკოლის იდეას მოჰყვა ახალგაზრდული სემინარის იდეა. შემდგომ, ერთმა წევრმა გამოიჩინა სურვილი მიწასთან ემუშავა და შეიქმნა “ბაღჩის - მეურნეობის” პროექტი. სხვა წევრმა ცხოველებთან თერაპიის პროექტი წამოიწყო - “რაიდთერაპია”. რამდენიმე წევრმა კი ხის და თიხის სახელოსნო ინატრა, ახლა კი აქვთ საკუთარი შენობა და ძერწავენ თიხას და ხეში.

ჰო, ეს არის რაც უნდა იცოდეთ. პარსიფალში არც ერთი პროექტი არ შექმნილა წინასწარი გენერალური გეგმარებით. პროექტები დაკავშირებულია კონკრეტულ ინდივიდებთან, რომელთაც ამ სივრცეში შემოაქვთ იდეა, პოულობენ საკუთარ თავს ამ საქმეში და ახორციელებენ პრაქტიკულად. ეს არის ის, რაც პარსიფალია. სივრცე, რომელშიც შეგიძლია ექსპერიმენტირება. სწავლობ საკუთარ თავს, თვითაღმოჩენისკენ დგამ ნაბიჯებს და გაქვს რესურსი და ხელშეწყობა იდეა, კონკრეტულ საქმედ აქციო.

ეს არის ის ნიშა, რომლის გამოც მივედით აკადემიის იდეამდე. სივრცე, რომელშიც “ყველაფერი კითხვის დასმით იწყება”. კითხვა ნიშნავს სურვილს შემეცნების და თვითგამორკვევის, რომელსაც ჯანსაღი თანმიმდევრულობით კონკრეტული ნება და იდეა მოყვება. იდეა და ინსპირაცია, რომელშიც შენში იბადება და პარსიფალის

აკადემია ამის ხელშემწყობ გარემოს გთავაზობს.

აქ ამ ისტორიის მოყოლას დავასრულებ. ბევრი რამ არის კიდევ, მაგრამ გრძელი ტექსტი იქნება ძალიან. ამიტომ, საიტის სხვადასხვა გვერდები დაათვალიერე და მთლიანად შეკრავ ერთიან სურათს.


Let's pioneer the future together