ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

პარსიფალი ოფიციალურად 2019 წლის 10 ოქტომბერს დაარსდა, თუმცა ახლა მინდა მოგიყვეთ იმ წინაპირობების შესახებ, რომლებმაც პარსიფალი პარსიფალად აქცია.

გრძელი ამბავია, თუმცა ვეცდები, შევამოკლო.

ჰო, ეს ამბავი 2014 წელს დაიწყო იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ანთროპოსოფიულ საზოგადოებაში მცირე სამკითხველო ჯგუფში ერთიანდებოდნენ. იკრიბებოდნენ კვირაში ერთხელ, რამდენიმე საათით. მუშაობდნენ ფილოსოფიასა და ანთროპოსოფიაზე. ატარებდნენ გოეთეანისტურ დაკვირვებებს, ასრულებდნენ ევრითმიულ სავარჯიშოებს და ა.შ. ასე გრძელდებოდა 2016 წლამდე. შემდეგ ისინი შვეიცარიაში (დორნახი) გაემგზავრნენ გოეთეს „ფაუსტის“ სანახავად. დაბრუნებულებმა კი თავად დაიწყეს „ფაუსტის“ დადგმა. 2017 წლის გაზაფხულზე უკვე პრემიერაც შედგა. ეს სპექტაკლი მნიშვნელოვნად დაეხმარა ჯგუფის წევრებს, ერთობლივ შემოქმედებით პროცესში ჩართულიყვნენ.

2018 წელს, როდესაც გოეთეანუმის სცენაზე (დორნახი, შვეიცარია) სპექტაკლი ბოლოჯერ, მეთორმეტედ ითამაშეს, სწორედ მაშინ გაუჩნდათ იდეა, საქართველოში ახალგაზრდული ანთროპოსოფიული კონფერენცია ჩაეტარებინათ. იმ დღიდან გოეთეანუმის ახალგაზრდულ სექციასთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყეს და კონფერენციის ორგანიზებაც სწორედ მათთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა.

ორი წლის განმავლობაში ამ იდეის განხორციელებისთვის უდიდესი შრომა გასწიეს, რაც ჯგუფს კიდევ უფრო აერთიანებდა და აყალიბებდა. სწორედ ამ პერიოდში, 2019 წელს, გაჩნდა სახელი „პარსიფალი“ და დაფუძნდა ორგანიზაცია: “ა(ა)იპ ახალგაზრდული საზოგადოება პარსიფალი”.

რატომ სახელი პარსიფალი? პარსიფალი ვოლფრამ ფონ ეშენბახის ეპოსის გმირია — ახალგაზრდა, “სულელი” რაინდი, რომელიც იდეალისკენ მიიწევს და გზაზე სხვადასხვა სირთულეების გადალახვით გრაალის მეფე ხდება. სწორედ ასეთი იყო ჯგუფის განცდაც: ისინი გრძნობდნენ საკუთარ „სისულელეს“, საკუთარ ახალგაზრდულობას (დამფუძნებლები მაშინ 22–23 წლისანი იყვნენ), თუმცა ეს ხელს არ უშლიდათ იდეალისკენ გზის გაგრძელებაში.

დიახ, გავაგრძელოთ ამბავი. კონფერენცია 2020 წელს იყო დაგეგმილი და სწორედ ამ დროს სცენაზე COVID-19 გამოჩნდა. ყველაფრის განხორციელება, რაც უკვე დაგეგმილი და ორგანიზებული იყო, შეუძლებელი გახდა. ჯგუფისთვის ეს კრიტიკული და ამავდროულად, ძალიან გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი დისტანციურად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ატარებდნენ კვლევას პანდემიის თემაზე და მოწყურებულნი ეძებდნენ საქმეს, რომელსაც საკუთარი ხელით განახორციელებნენ — პროექტს, რომელსაც ნება და პრაქტიკული მოქმედება სჭირდებოდა (კითხვითა და თეორიით ცოტა გადაღლილები იყვნენ). და აი, ამ დროს, თეთრიწყაროს ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას, გაჩნდა იდეა. დაინახეს, რომ ამ რეგიონში განათლება ცუდ დღეში იყო და თქვეს: „მოდი, ავაშენოთ ამ რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის საშაბათკვირაო სკოლა“. სკოლა, რომელშიც სწავლა ბავშვებისთვის სიხარულის მომტანი იქნებოდა. ფანტაზია, შემოქმედება, საკუთარი თავის გაცნობა — ეს იყო იდეალები, რომელთა გარშემოც პროექტი აიგო.

გარდა სკოლის პროექტისა, პარსიფალისთვის იდეალად იქცა ამ სოფლის კონკრეტულ ტერიტორიაზე, „სუფთა ფურცლიდან“, ისეთი სოციალური სივრცის შექმნა, რომელშიც თანაცხოვრების ახალ, ალტერნატიულ ფორმებს განავითარებდნენ. რას გულისხმობს ეს? დაისვა კითხვები: როგორ შეიძლება მიწისა და უძრავი ქონების სწორად გამოყენება? როგორ ვინაწილებთ თანხებს? როგორ ვქმნით ორგანიზაციას, რომელშიც ადამიანი ამოსავალი წერტილი და უმთავრესი პრიორიტეტია?

გავაგრძელოთ სკოლის ამბავი. დიახ, პროექტი დაწერეს და ფულის მოძიებაზე ზრუნვა დაიწყეს. გავიდა რამდენიმე თვე. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ფონდებისგან თანხა ვერ მიიღეს (ალბათ იმიტომ, რომ „სულელები“ იყვნენ?). აქ კი გაბრაზდნენ. გაბრაზდნენ და თქვეს: „ჩვენ ახლა ხელში 3 000 ევრო გვიჭირავს, საკუთარი ხელით შეგროვებული, რითაც, სულ მცირე, სკოლის საძირკვლის გაკეთებას შევძლებთ“. და აი, ასე დაიწყეს. „სხვა რომ არაფერი, გვექნება ჩვენი საკუთარი ფიზიკური სხეული — მინიმუმ საძირკველი“. ამ იდეას კრიტიკა მოჰყვა, რადგან არ ჟღერდა რაციონალურად, თუმცა ამ რისკმა, ჯგუფის ხასიათი უფრო მეტად გამოკვეთა. სამყაროსადმი ნდობით და სიყვარულით გაეკაფათ გზა იდეალამდე.

დაიწყეს შენება. საკუთარი ხელებით.

როდესაც ეს ნაბიჯი გადაიდგა, ფონდებისა და ადამიანების მხრიდანაც მხარდაჭერის მეტი სურვილი გამოჩნდა. მშენებლობის პროცესში საკმარისი თანხა შეაგროვეს: საძირკვლის კეთებისას კედლებისთვის საჭირო თანხა მიიღეს, ხოლო კედლების შენებას რომ შეუდგნენ, სახურავიც დაუფინანსეს. ჰოდა, ასე, 2021 წელს დაწყებული საქმე 2022 წლის ზაფხულში დაასრულეს, 13 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა, ხოლო საშაბათკვირაო სკოლა მუშაობას 2022 წლის შემოდგომიდან შეუდგა.

სკოლაში ბევრი ლამაზი ამბავი მოხდა, რომელთა შესახებაც ჩვენს ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

სკოლის იდეას ახალგაზრდული სემინარის იდეა მოჰყვა. შემდეგ ერთმა წევრმა მიწასთან მუშაობის სურვილი გამოთქვა და შეიქმნა „ბაღჩა-მეურნეობის“ პროექტი. სხვა წევრმა ცხოველებთან თერაპიის პროექტი წამოიწყო — „რაიდთერაპია“. რამდენიმე წევრმა კი ხისა და თიხის სახელოსნო ინატრა. ახლა მათ საკუთარი შენობა აქვთ, თიხას ძერწავენ და ხეზე მუშაობენ.

ჰო, ეს არის ის, რაც უნდა იცოდეთ: პარსიფალში არცერთი პროექტი არ შექმნილა წინასწარი გენერალური გეგმის მიხედვით. პროექტები დაკავშირებულია კონკრეტულ ინდივიდებთან, რომლებიც ამ სივრცეში სივრცეში შემოდიან, სწავლობენ და იდეები შემოაქვთ. ამ გარემოში საკუთარ თავს პოულობენ და იდეებს პრაქტიკულად დონეზე ახორციელებენ. ეს არის ის, რაც პარსიფალია — სივრცე, რომელშიც შეგიძლია ექსპერიმენტები ჩაატარო. ეცნობი საკუთარ თავს, თვითაღმოჩენისკენ დგამ ნაბიჯებს და გაქვს რესურსი და მხარდაჭერა, რომ იდეა კონკრეტულ საქმედ აქციო.

ეს არის ის ნიშა, რომელმაც აკადემიის იდეამდე მიგვიყვანა — სივრცემდე, რომელშიც „ყველაფერი კითხვის დასმით იწყება“. კითხვა შემეცნებისა და თვითგამორკვევის სურვილს გამოხატავს, რომელსაც ჯანსაღი თანმიმდევრობით კონკრეტული ნება და იდეა მოჰყვება. იდეა და ინსპირაცია შენში იბადება, პარსიფალის აკადემია კი მათ განსახორციელებლად ხელშემწყობ გარემოს გთავაზობს.

აქ ამ ისტორიის მოყოლას დავასრულებ. კიდევ ბევრი რამ არის მოსაყოლი, მაგრამ ტექსტი ძალიან გრძელი გამოვა. ამიტომ, საიტის სხვადასხვა გვერდი დაათვალიერე და ერთიან სურათსაც დაინახავ.

უფრო უკეთესი, უბრალოდ ერთ დღეს ᲩᲐᲛᲝᲓᲘ და ადგილზე უფრო წვრილად და ცოცხლად მოგიყვებით, ვინ ვართ და რა გვინდა.